ჟურნალი ნომერი 7 ∘ ლიზი მურადაშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების ქალი წევრებიმართალია, საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ სულ რაღაც 1028 დღე იარსება [1918 წლის 26 მაისიდან - 1921 წლის 17 მარტამდე], თუმცა ეს ერთი შეხედვით მცირე დრო ქართული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი და ფასდაუდებელი ცვლილებების მომტანი აღმოჩნდა. არსებობის სამი წლის მიუხედავად, პირველმა ქართულმა სახელმწიფომ, რომელიც თავისი შინაარსით უდავოდ, დემოკრატიულ ღირებულებებზე აღმოცენებული იყო, გასაანალიზებლად ბევრი საკითხი დაგვიტოვა. ვფიქრობთ, ამ საკითხებს აქტუალობა დღესაც არ დაუკარგავს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ბევრ განვითარებულ ქვეყანაზე ადრე ჩაატარა საყოველთაო არჩევნები, თანაც ორივე სქესის მონაწილეობით. შემუშავებული კანონი [„დებულება დამფუძნებელი კრების არჩევნებისა“] უაღრესად პროგრესული იყო, რადგანაც საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც გასაქანი მისცა ქალთა პოლიტიკურ უფლებებს. რასაკვირველია, ქალთა საარჩევნო უფლებების დაკანონებას, წინააღმდეგობებიც შეხვდა. იმ პერიოდში, ქალი პოლიტიკურ არენაზე რთული წარმოსადგენი იყო, ამიტომაც საზოგადოება ეჭვის თვალით უყურებდა ქალთა საარჩევნო უფლებების აუცილებლობას.
ქართველი მწერალი და ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტი, ნინო ტყეშელაშვილი 1918 წელს, სოციალ-დემოკრატიულ პარტიას სთავაზობდა 5 კანდიდატ ქალბატონს, თუმცა მოთხოვნას საწყის ეტაპზე, გამოხმაურება არ მოჰყოლია. იგი ქართველ ქალთა საზოგადოებრივ როლს შემდეგნაირად ხსნიდა: „ქალი ოჯახს უვლის, შვილებს უზრდის ქვეყანას, საზოგადოებას ემსახურება... თქვენ კი 20 კაცში ერთი ქალიც კი ვერ ამოგირჩევიათ...“ [გაფრინდაშვილი, 2018: 448].
შემდეგ იყო, გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“-ს [დაარსებულია 1917 წლის 5 აპრილს, კატო მიქელაძის მიერ] პოპულარიზაცია, რომლის მთავარი პოსტულატი იყო ქალთა კონსოლიდაციის საჭიროება და პოლიტიკურ პროცესებში მათი ჩართვის აუცილებლობა. ამ გაზეთმა ქალების სამოქალაქო თუ პოლიტიკური უფლებების მოპოვებაში დიდი როლი შეასრულა [გაფრინდაშვილი, 2018:449].
1919 წლის იანვარში, პარლამენტის სხდომაზე მიიღეს კანონი- „დამფუძნებელი კრების არჩევნების დანიშვნისა“, სადაც წერია: „საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნების პირველ დღედ დანიშნულ იქნას მდგომარე წლის თებერვლის 14 [ახალი სტილით]“. [შარაშენიძე, 1990:204]. ნიშანდობლივია, რომ არჩევნებში პირველად ქალებსაც მიეცათ მონაწილეობის მიღების უფლება, ეს უფლება კი დაკანონდა არჩევნებამდე 3 თვით ადრე, პარლამენტის მიერ. 1918 წლის 22 ნოემბრის დებულებაში ვკითხულობთ: „დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს რესპუბლიკის ორივე სქესის მოქალაქეს, თუ არჩევნების დღისთვის ოცი წელი შესრულებიათ.“ აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, არჩევნები 1919 წლის გაზაფხულზე იგეგმებოდა, თუმცა საბოლოო თარიღზე საერთაშორისო ფაქტორმა, კერძოდ, ვერსალში დაგეგმილმა საერთაშორისო კონფერენციამ, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.
დამფუძნებელი კრების არჩევნებში, სულ 15-მა პარტიამ გამოთქვა მონაწილეობის მიღების სურვილი, სადაც 600 კანდიდატი იყრიდა თავს. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან კი კენჭს იყრიდა 26 ქალი. თუმცა მათგან მხოლოდ 5-მა მოახერხა დეპუტატთა მანდატის მოპოვება. აღსანიშნავია, რომ 5-ვე სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიას წარმოადგენდნენ. ამ ქალების ისტორია არც 1919 წელს იწყება და არც საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრობით სრულდება. თითოეული მათგანის საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური მოღვაწეობა ძალიან მნიშვნელოვანია.
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა პერიოდში, საქართველოს პირველი რესპუბლიკა, ისევე როგორც, დამფუძნებელი კრება და მასში შესული წევრები, სპეციალური სამეცნიერო შესწავლის ობიექტი არ ყოფილა. ეს ლოგიკურია. იმ პირობებში, შეუძლებელი იყო, დამოუკიდებლობის 3 წლის შესახებ რაიმის თქმა. სისტემა უბრალოდ, ამის საშუალებას არ იძლეოდა, აუცილებელი იყო კვლევა შესრულებულიყო მარქსისტულ-ლენინური იდეოლოგით. პოსტსაბჭოთა პერიოდში კი, შესაძლებელი გახდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტების შესწავლა. ჩვენთვის საინტერესო თემა კი, უკანასკნელ პერიოდში გახდა აქტუალური. სულ ახლახან, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა ირაკლი ხვადაგიანმა, საზოგადოებას პირველად მიაწოდა სრული ინფორმაცია საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელ კრებაში შესული 5 ქალი წევრის შესახებ. ეს ქალები იყვნენ: 1] ქრისტინე [ჩიტო] შარაშიძე 2] მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძისა 3] ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძისა 4] ელისაბედ [ლიზა] ნაკაშიძე-ბოლქვაძისა, 5] ანა [ოლა] სოლოღაშვილი. სტატიაში კი, ჩვენც მათ შესახებ ვისაუბრებთ.
„რა უცხოა და რა მშვენიერი, რომ პირველად, 5 ქალი ვართ საკანონმდებლო ორგანოში... რომ ჩვენც შეგვიძლია კანონების მიღება, წესრიგის დამყარება, მნიშვნელოვანი ამბების გადაწყვეტა. იქნებ გამიხსენოს კიდეც ვინმემ, თუნდაც, გაკვრით, ჩემი სიკვდილის შემდეგ და გვერდიგვერდ ჩამოამწკრივოს ჩვენი სახელები, ვინ იცის?!“[ჭოლაძე, 2019:212] წერდა პირად ჩანაწერებში დამფუძნებელი კრების წევრი, ქრისტინე შარაშიძე [1889-1973], რომელმაც ერთ-ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ამაზე მეტყველებს, არა მხოლოდ მისი პოლიტიკური საქმიანობა, არამედ საზოგადო, სამეცნიერო მოღვაწეობაც.
ქრისტინე შარაშიძე დაიბადა სოფელ ბახვში [ოზურგეთის მაზრა] მასწავლებლების -გიგო შარაშიძისა და ნინო ქიქოძე-შარაშიძის ოჯახში. დაწყებითი განათლება მან თავის მშობლიური სოფლის სკოლაში მიიღო, ამ წლებს იგი ძალიან კარგად იხსენებს. 1899 წლიდან, მან სწავლა განაგრძო ქუთაისის წმ. ნინოს ქალთა გიმნაზიაში, სწორედ აქ ჩამოუყალიბდა სოციალისტური და რევოლუციური განწყობილებები. რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო, 1904 წელს გარიცხეს კიდევაც გიმნაზიიდან, ხოლო მომდევნო წელს შარაშიძეების ოჯახი თბილისში გადმოსახლდა. 1905 წლიდან, 16 წლის გოგონა, აქტიურად ჩაერთო პოლიტიკურ სარბიელში და მისგან თავი ვეღარც დააღწია. იგი რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი გახდა, პარტიაში განხეთქილების შემდეგ კი, მიემხრო მენშევიკებს.
ჩანაწერებში აღწერს 1905-06 წლებში სომეხ-თათართა შეტაკებებს, რომელმაც გამოძახილი ჰპოვა ქართულ საზოგადოებაშიც კი. „ქა¬ლა¬ქის სა¬ა¬ვად¬მ¬ყო¬ფო¬ში 26 გვა¬მი იყო გა¬მო¬ფე¬ნი¬ლი მახ¬ლობელ¬თა გა¬მო¬საც¬ნო¬ბად. მოკ¬ლუ¬ლე¬ბის გარ¬და აღ¬რიცხუ¬ლი იყო 70 დაჭ-რი¬ლი. ამ რიცხ¬ვი¬დან მხო¬ლოდ 56 მი¬იყ¬ვა¬ნეს საა¬ვად¬მ¬ყო¬ფო¬ში. და¬ნარ¬ჩე¬ნებ¬მა კერ¬ძო ბი¬ნებ¬ზე მკურ¬ნა¬ლო¬ბა აირჩი¬ეს“. [ბექიშვილი, 2012:116]. შარაშიძე მუშაობდა „მფრინავ რაზმში“, სადაც ევალებოდა დაჭრილებისთვის სასწრაფო დახმარების აღმოჩენა.
რამდენიმე წელში, ოჯახს მატერიალურად ძალიან გაუჭირდა თბილისში ცხოვრება, ამიტომაც შარაშიძეების ოჯახი ტოვებს ქალაქს და 1907 წელს უბრუნდება დასავლეთ საქართველოს. თავად ქრისტინე ქუთაისის კერძო გიმნაზიაში იწყებს მასწავლებლად მუშაობას, 1910-1911 წლებში აირჩიეს ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტის გამგეობის წევრად. კითხულობდა საჯარო ლექციებს და ამავდროულად, იყო საბავშვო ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქტორი, აქტიურად თანამშრომლობდა ასევე პრესასთან. ნიშანდობლივია, რომ ქრისტინე შარაშიძეს პირველ ქალ ლექტორად თვლიან. მას ძალიან უყვარდა თავის საქმე და როგორც თვითონ ამბობს, ამ მომენტიდან საბოლოოდ ჩაითრია კულტურულმა საქმემ.
ვფიქრობთ, საინტერესო იქნებოდა, ქრისტინე შარაშიძის სულიერი სამყაროს, მისი ხასიათებისა და ემოციური ფონის შესახებაც გვეთქვა ორიოდე სიტყვა. თავისი დღიურიდან აშკარად ჩანს, რომ ძალიან თავმდაბალი იყო, ზედმეტადაც კი. „რო¬გორ მი¬მოკ¬ლებს სი¬ცოცხ-ლეს ის ფიქრი, რომ ვე¬რა ვარ იმი¬სი ნა¬ხე¬ვა¬რიც, რაც მინ¬და ვი¬ყო“ [ბექიშვილი, 2012:135]- იტანჯდავდა თავს ასეთი ფიქრებით, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქრისტინე. იგი ყოველი სიტყვით გამოსვლის დროს, საშინლად ნერვიულობდა, თავს არ თვლიდა ღირსად, რომ ლექციები წაეკითხა, გამუდმებით უკმაყოფილო იყო საკუთარი თავით. „ ჩე¬მი უბე¬დუ¬რე¬ბა ის არის, რომ არ¬სად არ შე¬მიძ¬ლია დამ¬ში¬ვიდე¬ბით ყოფ¬ნა ახ¬ლა მა¬ინც, რო¬ცა ეს დაწყევ¬ლი¬ლი ლექ¬ცია მიდ¬გას თვალ¬წინ. ვფი¬ცავ – აღა¬რა¬სო¬დეს აღარ წა¬ვი¬კითხავ სა¬ჯა¬რო ლექცი¬ას ამას შემ-დეგ.“- [ბექიშვილი, 2012:132] წერდა ქალი, რომლის საჯარო ლექციებითაც, სინამდვილეში აღფრთოვანებულნი იყვნენ თანამედროვენი.
მიუხედავად, იმისა, რომ ქრისტინე შარაშიძე წლების განმავლობაში მასწავლებლად მუშაობდა და თავის პროფესიაც ძალიან უყვარდა, მუდამ რაღაც სიცარიელის გრძნობა სტანჯავდა. მას მთელი გულით სურდა, ოცნება აეხდინა და თბილისში, უმაღლესი განათლება მიეღო. 1915 წელს, როცა ქრისტინეს მატერიალური მდგომარეობაც შედარებით გაუმჯობესდა, კვლავ გადმოვიდა თბილისში საცხოვრებლად, სულ ცოტა ხანში კი, ჩაირიცხა ქალთა უმაღლესი კურსების საისტორიო დარგზე, რომელიც 1917 წელს დაამთავრა. ამავე წელს იგი ხდება თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი. [კუპატაძე, 2018:479[ა]]. 1917 წლის მოვლენებმა კი [თებერვლისა და ოქტომბრის რევოლუციები] მასში რევოლუციური ბუნება კვლავ გააღვიძა. შარაშიძე ფიქრობდა, რომ მხოლოდ კულტურული საქმიანობა შეეფერებოდა მის იმჟამინდელ ძალ-ღონეს, მაგრამ აშკარა იყო, რომ პოლიტიკას უდიდესი ადგილი ეკავა ქრისტინე ცხოვრებაში. „...ვე¬რა¬სო¬დეს ვერ ვუც¬ქე¬რო¬დი პო¬ლი¬ტი¬კას გულ¬გ¬რილად და ზოგ¬ჯერ სა¬ჯა¬რო¬დაც ვლა¬პა¬რა-კობ¬დი. ალ¬ბათ ამით თუ აიხ¬ს¬ნე¬ბა, რომ სა¬ქარ¬თ¬ვე¬ლოს დამ¬ფუძ¬ნე¬ბე¬ლი კრე¬ბის დე¬პუ¬ტატად ამირ¬ჩი¬ეს 1919 წ. გა¬ზაფხულ¬ზე – #1-ის სი¬ით“. [ბექიშვილი, 2012: 136]
დამფუძნებელ კრებაში შარაშიძის საქმიანობა ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა რესპუბლიკისთვის. ქრისტინე გახდა პრეზიდიუმის მდივანი, ასევე სახალხო განათლების, საბიბლიოთეკო და სარედაქციო კომისიების წევრი. პარლამენტის წევრობისას იგი უმთავრეს აქცენტს ჯანმრთელობისა და განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემებზე აკეთებდა. როგორც კომისიის წევრმა, მოიარა ქიზიყის სკოლები და კრებას წარუდგინა ამ სკოლების მდგომარეობა. ქრისტინემ პარლამენტის წევრებს წარუდგინა ორი მოხსენება. პირველი ეხებოდა, მასწავლებელთა ხელფასების მომატებას, რომელიც ხუთ წელიწადში უნდა განხორციელებულიყო და მეორე, საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენას. თუმცა 1921 წელმა ორივე საკითხი გააუფასურა...
ქრისტინე შარაშიძის პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპი დადგა. დამოუკიდებლობის დაკარგვამ, ქრისტინე მეამბოხე ქალად აქცია. იგი, რა თქმა უნდა, არ შერიგებია არსებულ რეჟიმს და აქტიურად თანამშრომლობდა ანტისაბჭოთა მოძრაობებში. ამ მიზეზით იგი რამდენჯერმე დააპატიმრეს. 1922 წლის თებერვალში, საქართველოს გასაბჭოების ერთი წლის თავზე, „ჩეკამ“ ანტისაბჭოთა ლიდერების დაპატიმრება დაიწყო. დააპატიმრეს ქრისტინეც, რომელიც ამ დროს, მე-10 პედაგოგიურ ტექნიკუმში მუშაობდა მასწავლებლად. დაკითხვის ოქმში, კითხვაზე: თუ როგორია მისი დამოკიდებულება საბჭოთა ხელისუფლების მიმართ, ქრისტინეს პასუხი ასეთია- „არ თანავუგრძნობ და ვთვლი, რომ ეს ხელისუფლება დამყარდა რუსეთის წითელი არმიის დახმარებით და მან მოუტანა საქართველოს სახელმწიფო უბედურება.“ [ბექიშვილი, 2012:150]
ასეთი პასუხის გამო, ქრისტინე შარაშიძეს 1922 წლის 23 მარტს 6 თვით, იზოლაციის წესით დაპატიმრება მიუსაჯეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს ავადმყოფობის გამო, ძმის, შალვა შარაშიძის თავდებობით. თუმცა, რეპრესიები მის ოჯახის წევრებს საკმაოდ მკაცრი ფორმით შეეხო. პატიმრობა მიუსაჯეს გიგო შარაშიძეს [მამა], შალვა შარაშიძეს [ძმა], შუა აზიაში გადაასახლეს ასევე ქრისტინეს და-თამარ შარაშიძე, ხოლო თამარის მეუღლეს, ნიკოლოზ ქარცივაძეს 1937 წელს დახვრეტა მიუსაჯეს. ის ერთ-ერთი აქტიური პოლიტიკური მოღვაწე იყო ანტისაბჭოთა მოძრაობაში.
1927 წლიდან, როცა ქრისტინე შარაშიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, სიცოცხლის ბოლომდე, 1973 წლამდე, სამეცნიერო საქმიანობაში მოღვაწეობდა. იგი იყო საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმის თანამშრომელი, ასევე სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი, თსუ-ის ბიბლიოთეკარი, მრავალი ფუნდამენტური გამოკვლევისა და მონოგრაფიის ავტორი. მნიშვნელოვანია, მისი გამოკვლევები სამხრეთ საქართველოს ისტორიის შესახებ. მის კალამს ეკუთვნის ისეთი საინტერესო ნაშრომები, როგორიცაა: „ქართული ანბანი მე-19 საუკუნემდე“ [1957], საქართველოს ისტორიის მასალები [1954], „მებრძოლი ფიქრის პოეტი ნ. ბარათაშვილი [1920]. ფასდაუდებელია ქრისტინეს წვლილი ხელნაწერების შესწავლის საქმეში. თუმცა, ამ დამსახურებების მიუხედავად, მას არც ერთი ჯილდო ან ხარისხი არ მიუღია, პირიქით, სიცოცხლის ბოლომდე ის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა ხელისუფლების მიერ.
ქრისტინე შარაშიძე გარდაიცვალა 1973 წლის 10 ნოემბერს და დაკრძალეს ვაკის სასაფლაოზე.
საინტერესო ინფორმაციებს ვიღებთ, დამფუძნებელი კრების კიდევ ერთი წევრის, მინადორა ორჯონიკიძის [1879-1967] დღიურიდან. იგი დაიბადა 1879 წელს, სოფელ ღორეშაში [შორაპნის მაზრა]. დაამთავრა ქუთაისის წმ. ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზია. იხსენებს, რომ გიმნაზიის დასრულების შემდეგ, რუსეთში სურდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ ნათესავის, მ. წერეთელის რჩევით შვეიცარიაში, ჟენევაში განაგრძო სწავლა მედიცინის ფაკულტეტზე. „ჟენევაში ჩავედი თუ არა, იმ დღესვე მოვეწყვე პანსიონში...აქედან იწყება ჩემი პოლიტიკური უნივერსიტეტიც. პოლიტიკამ დაიკავა პირველი ადგილი და გაცილებით მეტ დროს მართმევდა, ვიდრე მედიცინა“ [ბექიშვილი,2012:26]. ჟენევაში ჩასვლისთანავე, მინადორა დაუახლოვდა მარქსისტულ ჯგუფებს და „ისკრის“ რედაქციის წევრებს, განსაკუთრებით კი, გიორგი პლეხანოვს. სწორედ პლეხანოვის ინიციატივით, შეუერთდა პარტიის დამხმარე ჯგუფს, რადგანაც „სტუდენტს შეუძლია დააკავშიროს პარტია უნივერსიტეტის ახალგაზრდობასთან“. [ბექიშვილი, 2012: 34]. 1905 წელს თბილისში დაბრუნებული მინადორა ჩაება რევოლუციურ საქმიანობაში და სოციალ-დემოკრატების განხეთქილების შემდეგ, იგი აქტიური მენშევიკი გახდა. „მე ძალიან განვიცდიდი განხეთქილებას პარტიაში- წერს მინადორა- მით უმეტეს, რომ მე მენშევიკებთან შედარებით უფრო მეტი მეგობარი ბოლშევიკი მყავდა, მაგრამ მეგობრობა ერთია, პრინციპები კი სულ სხვა“ [ბექიშვილი, 2012:74].
მეუღლე, მალაქია ტოროშელიძე, რომელმაც ასევე ჟენევაში მიიღო განათლება, ბოლშევიკებს მიემხრო, მაგრამ მათ ურთიერთობაზე განსხვავებულ პოლიტიკურ ორიენტაციას ზეგავლენა არ მოუხდენია. ამასვე ადასტურებს მათი ქალიშვილის, სუსანა ტოროშელიძის დღიურის ჩანაწერი: „წარმოიდგინეთ, დედაჩემი მენშევიჩკა იყო, მაგრამ ამაზე არ მახსოვს რაიმე კამათი ყოფილიყოს ოჯახში“. [ბექიშვილი, 2012:79]
1917 წლიდან, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე ხელმძღვანელობს თბილისის ქალთა სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციას. ნოემბერში კი, იგი გახდა საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. დამოუკიდებლობის გამოცხადებასა და 1918-1919 წლის მოვლენებს იგი ძალიან ლაკონურად აღწერს: „საქართველო რუსეთისგან გაითიშა, ბოლშევიკებმა აღიარეს საქართველოს დამოუკიდებლობა, ინგლისმა ფაქტობრივად სცნო რესპუბლიკა, ხოლო ბევრმა სხვა ქვეყანამ იურიდიულად... შეიკრიბა დამფუძნებელი კრება, გამომუშავდა კონსტიტუცია, მმართველობის საპარლამენტო ფორმა“ [ბექიშვილი, 2012:64].
1919 წელს აირჩეს საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატად და დაიკავა მნიშვნელოვანი თანამდებობები. ის გახდა შრომის კომისიის მდივანი და სახალხო ჯანმრთელობის კომისიის თავმჯდომარის ამხანაგი. არჩევნების შემდეგ, ყველა შეუდგა თავის მოვალეობის შესრულებას და როგორც მინადორა იტყოდა: „მუშაობა დუღდა!“.
დამფუძნებელ კრებაში მუშაობის პარალელურად, მინადორა ტოროშელიძე თავმჯდომარეობდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ქალთა ორგანიზაციას, რომელიც ქალთა პოლიტიკურ კლუბს და დედათა და ბავშვთა დამცველ საზოგადოებას ზედამხედველობდა.
1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ, ორჯონიკიძე-ტოროშელიძის ოჯახი რეპრესიების მსხვერპლი ხდება. მართალია, რესპუბლიკის მთავრობამ მინადორას საზღვარგარეთ გამგზავრება შესთავაზა, მაგრამ ის დარჩა თბილისში. „მეუღლე ამ დროს დაპატიმრებული იყო... მე სამი ბავშვი მყავდა და ამას გარდა, გაფიქრებაც არ მინდოდა საზღვარგარეთ წასვლა“. [ბექიშვილი, 2012:68]. მინადორა ორჯონიკიძე აღნიშნავს, რომ მალაქია ტოროშელიძეს ფარულ ტროცკიზმში დასდეს ბრალი, თუმცა ეს ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რამდენადაც, ტოროშელიძეს არ უყვარდა ტროცკი და ტროცკისტები. 1937 წელს დახვრიტეს მისი ოჯახის წევრები: მეუღლე- მალაქია ტოროშელიძე და შვილები: გიორგი და ლევანი ტოროშელიძეები.
სერგო ორჯონიკიძის თვითმკვლელობის შემდეგ კი, [1937 წ, 18 თებერვალი], მინადორას მდგომარეობაც გართულდა. მას ბრალად დასდეს ანტისაბჭოთა საუბრებში მონაწილეობის მიღება და ყაზახეთში გადაასახლეს 5 წლით. 1942 წლიდან კი, ყარაგანდის შრომა-გამოსწორების ბანაკში გაასახლეს, სადაც მუშაობდა სხვადახვა ამბულატორიებსა და მედ.პუნქტებში.
მინადორა დღიურის ბოლოს აღნიშნავს: „მე შეგნებულად გამოვტოვე ოჯახური ცხოვრების ნაწილი, არა იმიტომ, რომ რაიმეს ვმალავ, არამედ იმიტომ, რომ ჩემთვის შეუძლებელია მისი შეხება!“ [ბექიშვილი, 2012: 77] ორჯონიკიძისთვის, ამ დროს, ჯერ არ იყო ცნობილი შვილების დახვრეტის ამბავიც, სწორედ ამიტომ „უფრთხილდებოდა“ მათ შესახებ რაიმის დაწერას. მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძისა, გადასახლებიდან მხოლოდ 1950 წელს დააბრუნეს. გარდაიცვალა 1967 წლის 19 ოქტომბერს.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში მაღალი იყო საქართველოს არაქართველი მოქალაქეების ჩართულობის ხარისხი, როგორც სახელმწიფო საქმეებში, ისე საზოგადოებრივ ასპარეზზე. [კობახიძე, სილაქაძე... 2018:90]. ელეონორა ტერ-ფარსეგოვა [1875-?] . დამფუძნებელ კრებაში ერთ-ერთი აქტიური პოლიტიკოსი გახლდათ. იგი 1875 წლის 18 აგვისტოს დაიბადა, დაამთავრდა თბილისის ქალთა გიმნაზიის კურსები. შემდეგ კი, დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა სოხუმში, სადაც მეუღლესთან-ვლადიმერ მახვილაძესთან ერთად, აქტიურად ჩაერთო სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბათუმის კომიტეტის სოხუმის ჯგუფის საქმიანობაში. [გუნცაძე, 2018: 426]. 1905 წლის 17 ოქტომბრის მანიფესტის შემდეგ, ორგანიზაციამ რეალურად ხელში აიღო ქალაქ სოხუმის მმართველობა და ჩაანაცვლა მეფის ხელისუფლების თითქმის ყველა სტრუქტურა. მათ ჩამოაყალიბეს სახალხო მილიცია, დაყვეს ქალაქი უბნებად და ბოიკოტი გამოუცხადეს ქალაქის თვითმმართველობას. [ხვადაგიანი, 2014]. ქალაქის თავსა და „რევოლუციურ“ ორგანიზაციას შორის დაიწყო კონფლიქტი და ამ კონფლიქტში ელეონორა მახვილაძეც მონაწილეობდა.
ბრალდების ოქმში ვკითხულობთ: „ის [ე.ი ელეონორა ტერ-ფარსეგოვა- ლ.მ] კრებდა საქალაქო და რეალური სკოლის მოსწავლეებს და ასწავლიდა მათ „მარსელიეზას“ სიმღერას; მაგრამ იმ ადგილას სადაც ნათქვამია: „ვამპირი - მეფე“, იგი ასწავლიდა სიტყვა „მეფისათვის“ „ნიკოლოზი“ დაემატებინათ“ [ხვადაგიანი, 2014 [ა]].
ამ მეტად „საფუძვლიანი“ ბრალდების მიუხედავად, ელეონორა არ დაუპატიმრებიათ რადგან იმ პერიოდში სოხუმის ციხე გადატვირთული ყოფილა, თუმცა ხელისუფლებამ მაინც გამონახა საბაბი და 1908-1917 წლებში 4-ჯერ დააპატიმრეს.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, იგი აქტიურად მონაწილეობდა ეროვნული საბჭოს საქმიანობაში, ხოლო 1919 წლის მარტში, აირჩიეს სდრ დამფუძნებელი კრების წევრად. ელეონორა ერთდროულად ხელმძღვანელობდა რამდენიმე კომისიას, მათ შორის, შრომის და სახალხო ჯანმრთელობის კომისიებს. კომისიებში მუშაობა დიდხანს არ დასცილდა, ვინაიდან, 1921 წლის 25 თებერვალს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია დასრულდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ, საქართველოს საგანგებო კომისიამ ანტისაბჭოთა პარტიების აქტიური წევრების დაპატიმრება დაიწყო. დააპატიმრეს ელეონორაც, მაგრამ ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მალევე გაათავისუფლეს. 1925 წელს იგი გაწევრიანდა ცეკას შემადგენლობაში, რომელიც საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის არალეგალური კომიტეტი იყო. თუმცა 1926 წლის თებერვალში, ჩეკამ კვლავ დააპატიმრა და და ამიერკავკასიიდან გაასახლა. ელეონორა გადასახლებიდან დაბრუნდა 30-იან წლებში და დარჩენილი ცხოვრება ეწეოდა კერძო პედაგოგიურ საქმიანობას. [გარდაცვალების თარიღი უცნობია.].
ანა [ოლლა] სოლოღაშვილის მოღვაწეობა დამფუძნებელი კრების წევრობამდე და წევრობის შემდეგაც ძალიან საინტერესოა. იგი დაიბადა 1882 წლის 28 ნოემბერს, სოფელ მეჯვრისხევში [გორის მაზრა]. განათლება მიიღო ხარკოვის უნივერსიტეტში, ისტორია-ფილოლოგიის მიმართულებით. დასთან- ევგენიასთან და ძმასთან-გრიგოლთან ერთად, აქტიურ მონაწილეობას იღებდა რევოლუციურ საქმიანობაში. საზოგადოებას აცნობდა არალეგალურ რევოლუციურ ლიტერატურას, რისთვისაც 1912 წელს დააპატიმრეს, თუმცა მისი ბრალეულობა სასამართლოში ვერ დამტკიცდა და გაათავისუფლეს.
1919 წლამდე იგი ეროვნული საბჭოს, გორის ქალთა ინტერნაციონალური კავშირის და აგრეთვე, გამგეობის წევრი იყო. ანა სოლოღაშვილი იყო ასევე ერთ-ერთი ხელმომწერი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტზე [1918 წ. 26 მაისი]. 1919 წლის 12 მარტიდან კი, სოლოღაშვილი აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად, ისიც სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. „მისი ინიციატივითა და მოხსენებით საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო დეკრეტები და კანონები, კერძოდ, დეკრეტი უცხოეთში გასატანი საქონლის დამზადების და უცხოეთიდან საქართველოში შემოსატანი საქონლის შესახებ; მთავრობის განკარგულებაში 20 მილიონი მანეთის გადასადებად; უქმე დღეების შემცირების შესახებ; საინტერესო სახელმძღვანელოების ავტორებისათვის 100 000 მანეთის გამოსაყოფად და მრავალი სხვ.“ [ჭუმბურიძე, 2014: 403]
გასაბჭოების შემდეგ, ანა სოლოღაშვილი კვლავ განაგრძობს პოლიტიკურ საქმიანობებს, ამჯერად, იგი ანტისაბჭოთა არალეგალურ საქმიანობაშია ჩაბმული, მუშაობს სხვადასხვა ბოლშევიკურ საოკუპაციო რეჟიმთან მებრძოლ პარტიებში. 1925 წელს, ის სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში გადადის საცხოვრებლად და იქვე ასწავლის სკოლაში. [ხვადაგიანი, 2014 [ბ]]
1937 წელს, სოლოღაშვილი რეპრესიების მსხვერპლი ხდება. არსებული წეს-წყობილების წინააღმდეგ აგიტაცია-პროპაგანდის გაწევისთვის, განსაკუთრებულმა სამეულმა, ე.წ ტროიკამ სასჯელის უმაღლესი ზომა-დახვრეტა მიუსაჯეს.
ასეთივე განაჩენით დაასრულა ცხოვრება, დამფუძნებელი კრების წევრმა კიდევ ერთმა ქალმა, ელისაბედ ნაკაშიძემ. [1885-1937]. დაიბადა სოფ. სამხეთოში [ოზურგეთის მაზრა], მისი ბავშვობის შესახებ ძალიან ცოტა ინფორმაცია მოგვეპოვება. ვიცით, რომ დაამთავრა ტფილისის ქალთა გიმნაზია, ხოლო შემდეგ, აქტიურად ჩაერთო რევოლუციურ საქმიანობაში და 1904 წლიდან მენშევიკებს მიემხრო. ახალგაზრდა ელისაბედი 1905 წელს თავმჯდომარეობს გურიის ქალთა ორგანიზაციას და ამჟღავნებს რევოლუციურ დამოკიდებულებას. სწორედ ამგვარი დამოკიდებულება იყო, მისი გადასახლების მიზეზი 1905-1917 წლებში.
10 წლიანი გადასახლების შემდგომ, ელისაბედი ბრუნდება საქართველოში. 1917 წლის თებერვალში რუსეთში დაემხო მონარქია და გადასახლებულებს შეეძლოთ სამშობლოს დაბრუნებოდნენ. იმავე წელსვე ნაკაშიძე უბრუნდება ძველ თანამდებობას და კვლავ გურიის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩიეს, ასევე იგი გახდა ნატანების რაიკოოპკავშირის თავმჯდომარე. 1919 წელს, არჩევნების შედეგად, ელისაბედ ნაკაშიძე გახდა დამფუძნებელი კრების წევრი და უფრო თამამად შეუდგა პოლიტიკურ მოღვაწეობას. შედიოდა შრომის და მომარაგების კომისიებში. მისი რჩევით, დამფუძნებელი კრებამ მიიღო არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო გადაწყვეტილება. [ხვადაგიანი, 2014 [გ] ]
1921 წელს, ოკუპაციის შემდეგ, ელისაბედსაც შესთავაზა მთავრობამ ემიგრაციაში წასვლა, მაგრამ იგი დარჩა თბილისში. მას ერთი წამითაც არ შეუწყვეტია სამშობლოს დახსნაზე ფიქრი და ჩაერთო წინააღმდეგობათა მოძრაობაში. სწორედ ამ რევოლუციურმა განწყობილებებმა განაპირობა ის, რომ დამფუძნებელი კრების წევრი ქალებიდან, ყველაზე ბევრჯერ ელისაბედი დააპატიმრეს და ყველაზე დიდი ხანი სწორედ მას მოუწია გადასახლებაში ყოფნა. 1923 წელს, ჩეკამ ნაკაშიძე დააპატიმრა, შემდეგ კი ურალის მხარეში გადაასახლა. ამჯერად, გადასახლება მხოლოდ ორწლიანი აღმოჩნდა და 1925 წლიდან, სამშობლოში დაბრუნებული ელისაბედი, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით მონაწილეობს ანტისაბჭოთა მოძრაობაში, არამედ კავშირებს ამყარებს პარტიის საზღვარგარეთის ბიუროსთან. ცხადია, ეს ხელისუფლებას არ გამოეპარებოდა და 1925 წლის 29 ივნისს ჩეკამ ის კიდევ დააპატიმრა. ამჯერად გაგზავნეს კრასნოირსკის მხარეში. მალე პატიმრობა, გადასახლებით შეუცვალეს და 1933 წლის 4 თებერვალს გაათავისუფლეს ურალის მხარეში ცხოვრების უფლებით. გათავისუფლების შემდეგ ის მუშაობდა გათავისუფლებულთა შორის „პოლიტიკური წითელი ჯვრის“ ხაზით. [კუპატაძე, 2018:74 [ბ]], ამიტომ იგი კვლავ დააპატიმრეს და დახვრეტა მიუსაჯეს . დაუცხრომელი და მებრძოლი ბუნების ელისაბედ ნაკაშიძე დახვრიტეს 1937 წლის 22 სექტემბერს, ქალაქ მინუსინსკში, კრასნოირსკის მხარეში. იქ, სადაც მთელი 12 წელი „ცხოვრობდა“ დაპატიმრებასა თუ გადასახლებაში.
საბოლოო ჯამში, საქართველოს პირველი რესპუბლიკის არასრული სამი წელი, ისტორიაში ჩაიწერა, როგორც თანასწორობის, თავისუფლებისა და კულტურული განვითარების პერიოდად. რუსიფიკაციისა და იმპერიალისტური ცენზურის მოწინააღმდეგე ქართველმა ქალებმა, დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობისას, თავიანთი სათქმელი გააჟღერეს და მოახერხეს პოლიტიკურ სივრცეში ადაპტაცია. პირველმა პარლამენტარმა ქალებმა ნათლად წარმოაჩინეს ქალის საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური როლი და შეძლეს ებრძოლათ, დღემდე მიუღწეველი გენდერული თანასწორობისთვის. ვფიქრობთ, ქალთა უფლებების ისტორია საკმაოდ პერსპექტიული საკვლევია, გამომდინარე იქიდან, რომ ხსენებული თემა სიღრმისეულად შესწავლილი არ არის და ქართულ საზოგადოებას ჯერაც არ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია, საქართველოს ისტორიაში ჩაკარგული ქალის ხმის შესახებ.
ბიბლიოგრაფია:
1. ბექიშვილი 2012: ბექიშვილი ნინო [რედ.], მარგველაშვილი ანა, ხვადაგიანი ირაკლი, შაიშმელაშვილი გიორგი, ცოცხალაშვილი მაგდა, [SOVLAB], დაკარგული ისტორია-მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ, თბილისი, 2012.
2. გაფრინდაშვილი 2018: გაფრინდაშვილი ლელა, ქალთა მოძრაობა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა [1918-1921] ენციკლოპედია-ლექსიკონი, რედ. დ. შველიძე, თბილისი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018
3. გუნცაძე 2018: გუნცაძე მანუჩარ, ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძისა ელეონორა მიხეილის ასული, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა [1918-1921] ენციკლოპედია-ლექსიკონი, რედ. დ. შველიძე, თბილისი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018.
4. კობახიძე, სილაქაძე... 2018: კობახიძე რუსიკო, სილაქაძე დიმიტრი, ხვადაგიანი დავით, ხვადაგიანი დავით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, 100 ამბავი. თბილისი, „არტანუჯი“, 2018
5. კუპატაძე 2018 [ა]: კუპატაძე ბონდო, შარაშიძე ქრისტინე გიორგის ასული, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა [1918-1921] ენციკლოპედია-ლექსიკონი, რედ. დ. შველიძე, თბილისი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018.
6. კუპატაძე 2018 [ბ] : კუპატაძე ბონდო, ბოლქვაძე [ნაკაშიძე] ელისაბედ იოსების ასული, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა [1918-1921] ენციკლოპედია-ლექსიკონი, რედ. დ. შველიძე, თბილისი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018
7. შარაშენიძე 1990: შარაშენიძე ი.ვ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებული. თბილისი, 1990
8. ჭოლაძე 2019: ჭოლაძე ლოლიტა, ქრისტინე შარაშიძე- „ქალი წარსულიდან“, მომავლისთვის თავგანწირული, ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის წელიწდეული, ქუთაისი, 2019
9. ჭუმბურიძე 2018: ჭუმბურიძე დოდო, სოლოღაშვილი ანა [ოლღა] ილიას ასული, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა [1918-1921] ენციკლოპედია-ლექსიკონი, რედ. დ. შველიძე, თბილისი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018
10. ხვადაგიანი: 2014 [ა] ხვადაგიანი ირაკლი, ელეონორა /ლოლა/ ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე, 2014. ხელმისაწვდომია https://feminism-boell.org/ka/2014/01/17/eleonora-lola-ter-parsegova-maxvilaze
11. ხვადაგიანი: 2014 [ბ] ხვადაგიანი ირაკლი, ანნა /ოლა/ სოლოღაშვილი, 2014. ხელმისაწვდომია https://feminism-boell.org/ka/2014/06/13/anna-ola-sologashvili
12. ხვადაგიანი: 2014 [გ] ხვადაგიანი ირაკლი, ლიზა /ელისაბედ/ ნაკაშიძე-ბოლქვაძე, 2014. ხელმისაწვდომია https://feminism-boell.org/ka/2014/06/06/liza-elisabed-nakashize-bolkvaze